სახელმწიფო ვალის მაჩვენებლის მიმართულებით მიმდინარე წელს დავამთავრებთ 34% -იანი ნიშნულით მთლიან შიდა პროდუქტთან, რაც ითვლება უსაფრთხო ნიშნულად, თუ გავითვალისწინებთ იგივე ზომის ქვეყნის ეკონომიკებს, სადაც ვალის მაჩვენებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ევროკავშირის და რეგიონის ქვეყნებში, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.
„გავრცელდა შესაბამისი განცხადება, სადაც აღწერილია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის მდგრადი. მომდევნო წლებშიც საქართველო შეინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ შეინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას“, – აღნიშნა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილმა ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც და განმარტა, რომ წელსაც ტრადიციულად საქართველოში ინფრასტრუქტურის ხარჯები არის საკმაოდ მაღალი.
„წელსაც ტრადიციულად საქართველოში ინფრასტრუქტურის ხარჯები არის საკმაოდ მაღალი, რომელიც მერყეობს შვიდ-ნახევრიდან რვა პროცენტამდე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და ეს ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად. მთავარი პრიორიტეტები იქნება საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს როგორც შიდასახელმწიფოებრივ გზებს, ასევე საერთაშორისო მაგისტრალებს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

