მჯერა, ჩვენ გვაქვს შეთანხმების მიღწევის საფუძველი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ვლადიმერ პუტინი მშვიდობასთან დაკავშირებით სერიოზულად არის განწყობილი.
„ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და ვფიქრობ, ორივე პრეზიდენტს სურს შეთანხმების დადება. მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხმების საფუძველი, რომელიც კარგია უკრაინისთვის, ყველასთვის. არაფერია ამაზე უფრო მნიშვნელოვანი. რვა ომი დავასრულე, ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, ჩვენ გვექნება შესანიშნავი შეხვედრა დღეს. ამ პიროვნებამ ძალიან ბევრი იმუშავა და ის ძალიან მამაცია, უკრაინელი ხალხი ძალიან მამაცია, რაც მათ გამოიარეს, არცერთ ერს არ გამოუვლია. ვფიქრობ, დღეს ძალიან კარგი შეხვედრა გვექნება. ასევე შეხვედრის შემდეგ სატელეფონო საუბარს გავმართავ პრეზიდენტ პუტინთან და გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, უკრაინისთვის იქნება ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები და ევროპელები ძალიან აქტიურად არიან ჩართული. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ომის სწრაფად დასრულება შესაძლებელია. აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ისინი მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე არიან.
„ის ან დასრულდება, ან დიდხანს გაგრძელდება და მილიონობით ადამიანი დაიღუპება. და არავის სურს ეს. მჯერა, ჩვენ შეგვიძლია, ძალიან სწრაფად ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

