რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 2026 წლიდან „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება ის ოპერაციები, რომელთა განხორციელებაც, მიმდინარე ეტაპზე, საქართველოში ვერ ხერხდება და რომელთა საზღვარგარეთ ჩატარებაც რეკომენდებულია შესაბამისი სამედიცინო კომისიისა და დარგის სპეციალისტების მიერ.
„მკურნალობა უზრუნველყოფილი იქნება ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებითა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალის ჩართულობით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიაში მოღვაწე ბავშვთა კარდიოქირურგს, ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგიის სამედიცინო ხელმძღვანელს თორნიკე სოლოღაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა იმსჯელეს ბავშვთა კარდიოქირურგიის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე, რთული თანდაყოლილი გულის მანკების მართვის თანამედროვე მიდგომებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც უცხოეთში მაღალკვალიფიციური მკურნალობის ხელმისაწვდომობას უკავშირდება.
აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობამ „ბავშვთა კარდიოქირურგიის კონვენციაში“ მნიშვნელოვნად გააფართოვა პროგრამის გეოგრაფიული არეალი და სერვისი ხელმისაწვდომი გახადა, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. შეხვედრაზე, ხაზი გაესვა, რომ აღნიშნულ პროგრამას 2022 წლიდან თბილისის მერია წარმატებით ახორციელებს და თბილისში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის პირებს ეხება. აღნიშნულმა წარმატებულმა პრაქტიკამ კი საფუძველი ჩაუყარა პროგრამის შემდგომ გაფართოებას, ქვეყნის მასშტაბით.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, გამოცდილების გაზიარებასა და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც პედიატრიული კარდიოქირურგიის მიმართულებით სერვისების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე ესწრებოდა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

