ეს მოხდა იმიტომ, რომ არსებობდა გუნდი, რომელმაც ირწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია და, რომ პატარა ქვეყანა შეიძლება დიდი იდეების ეპიცენტრი გახდეს. განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, – ასე ეხმაურება „სთარინგ ჯორჯიას“ სტრატეგიული განვითარების თავმჯდომარე ამიკო ჯანელიძე, Starring Georgia-ს შესახებ International Business Times-ის სტატიას.
როგორც ის სოციალურ ქსელში აღნიშნავს, ეს აღიარება დიდი შრომის შედეგია.
„დღეს განსაკუთრებული დღეა.
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ონლაინ გამოცემამ – International Business Times UK-მ დაწერა Starring Georgia-ზე. ეს ჩემთვის არ არის უბრალოდ სტატია. ეს ჩემთვის ჩვენი გუნდის შრომის, რწმენისა და დიდი მიზნების საერთაშორისო აღიარებაა.
არტისტების ჩამონათვალი, ვინც საქართველოში ჩამოვიდა, მხოლოდ შედეგია. ნამდვილი მიღწევა კი ისაა, რომ საქართველო დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.
და ეს არ მომხდარა შემთხვევით. ეს მოხდა იმიტომ, რომ არსებობდა გუნდი, რომელმაც ირწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია და, რომ პატარა ქვეყანა შეიძლება დიდი იდეების ეპიცენტრი გახდეს. და რომ კულტურა შეიძლება იყოს ქვეყნის ძალა, ეკონომიკის გამაძლიერებელი და მისი საერთაშორისო სახე.
ეს აღიარება ეკუთვნის მთლიანად საქართველოს, ჩვენს გუნდს, ყველა იმ პარტნიორსა და კომპანიას ვინც ჩვენთან ერთად წერს ამ დიდებულ ისტორიას.
განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს – ადამიანს, რომელმაც 9 წლის წინ ჩაუყარა საფუძველი საქმეს, რომელმაც დღეს ასეთი შედეგი მოგვცა. მადლობა მხარდაჭერისთვის სახელმწიფოს, რომელიც მუდმივად ჩვენთან ერთად იბრძვის ჩვენი იდეების კვალდაკვალ.
ჩვენ ვაგრძელებთ, რადგან ეს დიდი გზის მხოლოდ დასაწყისია!“, – წერს ამიკო ჯანელიძე.
საერთაშორისო ბიზნესმედია საქართველოზე წერს. International Business Times აქვეყნებს სტატიას ქართული კულტურული ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციაზე და Starring Georgia-ს როლზე ამ პროცესში.
გავლენიანი ბრიტანული ბიზნესგამოცემის სტატიაში განხილულია, როგორ შეცვალა ქართულმა კომპანიამ Starring Georgia-მ ქვეყნის თანამედროვე კულტურული და გასართობი ლანდშაფტი. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა Black Sea Arena-ს როლს და საქართველოს პოზიციონირებას საერთაშორისო მუსიკალურ რუკაზე.

