აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის სამხედრო გენერლებთან ერთად, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციის ერთ-ერთი ოთახიდან, რეალურ დროში ადევნებდა თვალს ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციას.
„ნამდვილმა სამხედრო პირებმა მითხრეს, რომ დედამიწაზე არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელსაც ასეთი მანევრის განხორციელება შეუძლია. რომ გენახათ, რა მოხდა – ვგულისხმობ იმას, რომ მე ამას პირდაპირი მნიშვნელობით ვუყურებდი, თითქოს სატელევიზიო შოუს ვადევნებდი თვალს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„რომ გენახათ ის სისწრაფე, სიმძაფრე… იცით, ისინი იყენებენ ამ ტერმინს – სისწრაფე და სიმძაფრე. ეს უბრალოდ საოცარი რამ იყო, საოცარი სამუშაო შეასრულეს ამ ადამიანებმა. სხვა ვერავინ შეძლებდა მსგავსი რამის გაკეთებას“, – დასძინა მან.
ცნობისთვის, დღეს დილით კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებული და ქვეყნიდან გაყვანილია.

