ვხედავთ ევროკავშირისა და ბრიუსელის ინსტიტუტების ანტიქართულ რიტორიკას, რაც ძალიან სამწუხაროა. გვესმის ხშირად თავდასხმები ქართველ ხალხზე, მის უფლებაზე, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება და ვხედავდით პირდაპირ ბრიუსელის ჩარევას იმისთვის, რომ საქართველოში გარედან შეეცვალათ ხელისუფლება, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ევროკავშირის ელჩი საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში, ისე 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერაში, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკომისიის პრესსპიკერმა ნეპალის მოწყობას დაუჭირა მხარი და ამისთვის დღემდე ბოდიში არავის მოუხდია. მან ასევე აღნიშნა, რომ საუბრები იმაზე, თითოს უკრაინა და მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს უსწრებენ, ქართველი ხალხის დაცინვაა.
„ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა, როდესაც საუბრობენ იმაზე, თითქოს უკრაინა და მოლდოვა რაიმე ობიექტურ ჭრილში საქართველოზე წინ არიან. რა თქმა უნდა წინ არიან ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ჩახუტებაში. ამაში ვერ ვჯობნით. ეხუტებიან იმიტომ, რომ ასრულებენ ყველა იმ დავალებას, რომელსაც არარჩეული ბიუროკრატები აძლევენ. თუმცა ვჯობივართ ყველა სხვა პარამეტრით – ეკონომიკური განვითარებით, დემოკრატიული ინსტიტუტებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოლდოვას უკრაინაში ომის დაწყებამდე საქართველოზე კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა, ომის დაწყებიდან ეს მაჩვენებელი 0-ზე ჩამოვიდა. მისივე თქმით, ბრიუსელი პირდაპირ ჩაერია მოლდოვაში გამართულ არჩევნებში და გაიხსენა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი კიშინიოვში იყო ჩასული და წინასაარჩევნოდ მოსახლეობას 1,8 მილიარდის ოდენობის დაფინანსებას დაჰპირდა, რაც აჩენს კითხვებს ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, ამასთან, 2 პარტია რამდენიმე დღით ადრე მოიხსნა არჩევნებიდან ისე, რომ არცერთ სპიკერსა თუ ელჩს ამაზე ხმა არ ამოუღია. პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც მოლდოვაში, ისევე უკრაინაში მედიაზე სრული კონტროლია დამყარებული და ამ ქვეყნებში კორუფციასთან დაკავშირებული საქმეები გაიხსენა.
„ასე რომ, როდესაც ყველა ევროპელი ბიუროკრატი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო რაიმე ობიექტურ პარამეტრში ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას, უბრალოდ დასცინის ქართველ ხალხს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

