ახალი სააგენტო ახალი ხელმძღვანელით იქნება გარანტი იმისა, რომ ყველა მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების თემას, ადამიანის პერსონალურ და პირად სივრცის დაცულობას, იქნება დაცული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ და ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული სააგენტოს ხელმძღვანელის შერჩევის სპეციალური კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ახალი კანონის მიღების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურა სწორედ ახალი სააგენტოს შექმნა და ახალი ხელმძღვანელის არჩევა იყო.
”ჩვენ განსაკუთრებული პროცედურა გავწერეთ და სრული დაცვით ამ პროცედურის, ავირჩიეთ სამი კანდიდატი ერთი ფარული კენჭისყრის შედეგად. კობა კობიძეს ძალიან კარგი გამოცდილება აქვს, იცის ამ სფეროს სპეციფიკა, აქვს ხედვა და იცის ახალი კანონმდებლობა. ჩვენ გვქონდა საშუალება დაგვესვა მისთვის კითხვები და მოგვესმინა მისი შეხედულებები სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ახალი სააგენტო ახალი ხელმძღვანელით არის გარანტი იმის, რომ დაცული იქნება ყველა მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების თემას და ადამიანის პერსონალური და პირადი სივრცის დაცვას”, – განაცხადა ბესელიამ.