ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბოლო წლებში თვალყურს ვადევნებთ, რომ სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ისინი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საპრეზიდენტო მემორანდუმზე, რომელიც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლას ითვალისწინებს და რომ ორგანიზაციებს შორის ვენეციის კომისიაც მოხვდა.
„ისიც ნუ დაავიწყდება ჩვენს საზოგადოებას, რომ თუ არ ვცდები, მათი რეკომენდაცია იყო, კონსტიტუციიდან ამოგვეღო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ოჯახი არის კაცისა და ქალის ერთობა. ასევე მათი რეკომენდაცია იყო, გაგვეუქმებინა გამჭვირვალობის და ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონი. ასევე მათი რეკომენდაციაა, თურმე გამჭვირვალობა არ შეიძლება მდიდარი „ენჯეო“ ორგანიზაციებისთვის და ა.შ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება გასაკვირი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ამასთან, ჟურნალისტებმა მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს აშშ-ის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, ეს ორგანიზაციები „წინ სწევენ საკუთარ დღის წესრიგს ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ ან საფრთხეს უქმნიან ჩვენი ერის სუვერენიტეტს, თავისუფლებასა და ზოგად კეთილდღეობას“.
„ზოგადად, აშშ-ის ეს პოზიცია მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული, წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი უკვე აღარ არსებობს და ჩვენ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესს ვადევნებთ თვალს. ამ შემთხვევაში, ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, უნდა იყოს ძალიან მობილიზებული, ყურადღებიანი, მოქნილი და პრაგმატული. საჭიროა იმ პოლიტიკის გატარება, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ ატარებს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ახალი მსოფლიო წესრიგი, რაც ჩამოყალიბდება, ისე მოვერგოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლას ითვალისწინებს. ამ ორგანიზაციებს შორის მოხვდა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაც.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა: „ჩვენ შევწყვეტთ გლობალისტი ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ“.

