ევროკომისიამ, კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა.
გამოკვლევის ფარგლებში, კორუფციისგან თავისუფლების მსოფლიო რეიტინგიც გამოქვეყნდა, სადაც საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 65% მიიღო, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
კორუფციის არარსებობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს : იტალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მალტას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს, ალბანეთს.
ევროპაში კორუფციის სიმცირით დანია და ნორვეგია ლიდერობს.
კვლევამ ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებიც გამოავლინა. ევროპაში კორუფციის სიდიდით პირველ ადგილზე უკრაინა გავიდა, მეორე ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა კი მოლდოვაა.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი, განმარტების მიხედვით, ზომავს კორუფციის არარსებობას ხელისუფლებაში და განიხილავს კორუფციის სამ ფორმას: მექრთამეობას; საჯარო და კერძო ინტერესების არასათანადო გავლენას; საჯარო სახსრების და რესურსების მითვისებას. კორუფციის ეს სამი ფორმა შესწავლილია აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების, ჯარის, პოლიციის და საკანონმდებლო ხელისუფლების თანამდებობის პირებთან მიმართებაში.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.

