ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მთავარი სიტყვა არის გადარჩენა. თუ გადარჩენის სტრატეგია არ გვაქვს, ასეთი ხალხის იდეებით ნუ მოვიხიბლებით – ამ ეტაპზე მაინც, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ.
მისივე თქმით, ჩვენ არ უნდა მოგვივიდეს ის შეცდომა, რომ ილუზიაში მყოფი ხალხი როგორმე მოხვდნენ ქვეყნის მართვის სადავეებთან.
„საბოლოოდ დადასტურდა, რომ მომავალი მსოფლიო წესრიგის განსაზღვრა მოხდება იმ მაგიდასთან, ვისაც აქვს შიში მეორე ქვეყნის ძალასთან მიმართებაში, ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ქვეყნები დაიშვებიან.
არავითარი ილუზიები და აბსტრაქტული იდეები, რომელიც გარკვეულ დროს შესაძლოა, მოგვწონდა და დღესაც მოსაწონი იყოს, ამის დრო შესაძლოა, კიდევ ერთხელ მოვიდეს – მაგალითად, ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის, ბოროტებისა და სიკეთის ერთმანეთთან დაპირისპირების ეს იდეები, რომელიც რეალობაში არსებობდა და მომავალშიც მოვა, მაგრამ ამ წუთას ეს გადამწყვეტი აღარ არის. ამ ილუზიებში მყოფ ხალხს უფლება აქვს, რომ ასე ფიქრობდეს, მაგრამ ჩვენ არ მოგვივიდეს ის შეცდომა, რომ ამ ილუზიაში მყოფი ხალხი როგორმე არ მოხვდნენ ქვეყნის მართვის სადავეებთან. ამ წუთას ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კაკულიამ.
მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ჯერ-ჯერობით მშვიდობამდე ვერ მიდის. „შესაძლოა, იმ დონემდე მოემზადონ ომისთვის, რომ შემდეგ მშვიდობას ეს თუ უზრუნველყოფს“, – დასძინა კაკულიამ.
