გერმანიის ელჩთან შეხვედრის ფაქტზე და შეხვედრის შინაარსის შესახებ დასმულ კითხვას აქტივისტები გაურბიან, თუმცა აუდიენციას ადასტურებენ.
„საუბარი იყო მარტო საქართველოს ევროინტეგრაციაზე და რეფორმებზე, რომლებსაც ითხოვს ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნებისგან”, – განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკოლოზ ხოსროშვილმა „ქრონიკასთან“.
კითხვაზე, რატომ იყო შეხვედრა გასაიდუმლოებული, მან განაცხადა: „არაფერზე ისეთ მნიშვნელოვანზე, რამაც შეიძლება მედია დააინტერესოს, არ იყო საუბარი”.
შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე დავით სეხნიაშვილი კი „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს: „ნიუსი, რაც დადეთ, ეს არის სრული სისულელე“. ხოლო კითხვაზე, რას შეეხებოდა შეხვედრა და უარყოფს თუ არა იგი თავად შეხვედრის ფაქტს, სეხნიაშვილი ამბობს: „პასუხს გაგცემთ ლაივში ყველაფერთან დაკავშირებით“.
ხოლო კიდევ ერთმა აქტივისტმა ლუკა მიშველაძემ „ქრონიკასთან“ საუბარი არ ისურვა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საელჩოში 15 იანვარს აქტივისტებს შეხვდა..
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, „გირჩის“ წევრი ლუკა მიშველაძე, ასევე მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი და დათა ქაშიაშვილი.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელჩი, პეტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებს უხსნიდა, რომ „დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს, რის გამოც აუცილებელია, რომ როგორც ირანში საპროტესტო აქციებს მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, რაც გადაიზარდა მასობრივ რადიკალურ პროტესტში – ასეთივე სცენარით განვითარდეს მოვლენები საქართველოში“.
