ევროკავშირისა და ევროკომისიის შიგნითაც ის ხალხია, რომლებიც თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უკმაყოფილებას იწვევს. ის ხალხი გვაკრიტიკებს და ავრცელებს ჩვენზე უსამართლო მიდგომას, რომელიც თვით ევროკავშირში იწვევს კრიტიკას, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.
მისი შეფასებით, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში ორი ტიპის მიდგომაა.
„ერთი, რომელიც ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს და იქ საქართველო ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა და მეორე – ევრობიუროკრატების შეფასება, სადაც ყოველთვის ვართ ზეწოლის ქვეშ და ყოველთვის უკმაყოფილოები არიან. ევროკავშირისა და ევროკომისიის შიგნითაც ეს ის ხალხია, რომლებიც თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უკმაყოფილებას იწვევს. ის ხალხი გვაკრიტიკებს და ავრცელებს ჩვენზე უსამართლო მიდგომას, რომელიც თვით ევროკავშირში იწვევს კრიტიკას.
ეს ხალხი არის სწორედ იმ გლობალური ძალის დავალების შემსრულებლები, რომელსაც ამასთანავე უნდათ საქართველოს ომში ჩართვა. ეს ერთი და იგივე ხელით მართული სხვადასხვა აქტორია, სხვადასხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია, რომელთა საბოლოო მიზანი არის ის, რომ გეოპოლიტიკურ სივრცეში შეიქმნას თამაშის ისეთი წესები, როგორიც გლობალური აქტორების ჯგუფს უნდა. ამ თამაშის ნაწილია ევროკავშირის ცალკეული ბიუროკრატების ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
