„მემარცხენე ალიანსი“ გერმანიის ელჩს ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს.
ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა კახა ძაგანიამ ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებებისკენ მოუწოდა, რათა მსგავსი ქმედებები სათანადოდ შეფასდეს. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ელჩები და საელჩოები უხეშად ერევიან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში.
„განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის ქმედებები, რომელიც არა თუ ვენის კონვენციას, ხშირ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსაც კი არღვევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაანონსებთ საკანონმდებლო წინადადების დამუშავებას, რომელიც სამართლებრივ და ზნეობრივ ჩარჩოში დააბრუნებს მტრულად განწყობილი არა მთავრობების, არამედ არაფორმალური ძალების მიერ მართული ქვეყნების ელჩებისა და საელჩოების ქმედებებს.
მნიშვნელოვანია, რომ დაწესდეს კონკრეტული სანქციები ვენის კონვენციის დამრღვევი ელჩების მიმართ, მათ შორის, გაუქმდეს დიპლომატების მიმართ არსებული ხელშეუხებლობის პრინციპი.
ასევე, ვენის კონვენციის დამრღვევის განმეორება ავტომატურად იწვევდეს ელჩის ქვეყნიდან გაძევებას“, – განაცხადა ძაგანიამ.
