როდესაც ღმერთი ადამიანს სჯის, უგუნურს ხდის, ამის ყველაზე კარგი მაგალითია ეს „სიცრუის ფორმულა“, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ საუბრისას.
ხაინდრავას თქმით, „ფორმულამ“ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა სიუჟეტი, სადაც მასზე ცილისწამება და სიცრუე იყო გაჟღერებული.
„რამდენიმე კვირის წინ მათ გააკეთეს სიუჟეტი ჩემზე, სადაც 16 სიცრუე და ცილისწამება იყო ნათქვამი. სარჩელს შევიტან სასამართლოში, მოვითხოვ პასუხს ამ ცილისწამებაზე. გარდა ამისა შევქმნით ფონდს, რომელიც დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს ამ მედია ტერორისგან და მედია ფაშიზმისგან.
წინა შაბათს ამ „სიცრუის ფორმულამ“ გააკეთა სიუჟეტი, სადაც დამაბრალა ისეთი რამ, რაც ნორმალურ ადამიანს თავში არ მოუვა. დააბრალო ქართველ კაცს, რომ მან ფულის საფასურად 2 000 ინდოელი და პაკისტანელი არალეგალურად შემოიყვანა საქართველოში და ამაში 4 მილიონი აიღო, უნდა იყო კეზერაშვილი ან თარგამაძე.
მე მინდა დავპირდე ამ სიცრუის ფორმულას, რომ მე დავამთავრებ მათ და არა მარტო მათ ბოროტებას. ვიქნები არა მარტო მე, არამედ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც გაერთიანდება ამ ფონდში და ყველანაირად დაიცავს საკუთარ თავს და ოჯახებს ამ ბოროტებისგან“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს და პასუხს მოითხოვს იმ ცილისწამებაზე, რომელიც მისივე თქმით, ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტში იყო. გოგა ხაინდრავამ ისაუბრა ფონდზეც, რომელიც როგორც თავად ამბობს, მიღებული კომპენსაციით შესაბამის დახმარებას გაუწევს ცრუ ბრალდებებით დაზარალებულ მოქალაქეებს.
