პარტია „ხალხი ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, დაიწყოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება არის ზეწოლა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებაზე:
„ზეწოლის მიზეზი არის ის, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ეროვნული მთავრობა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნავს“ – განაცხადა სეფაშვილმა.
ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისიის ეს ნაბიჯი უსამართლოა, ვინაიდან საქართველოს არც ერთი პუნქტი და რეგულაცია არ დაურღვევია.
„ევროკომისიის შიგნით დაწყებული ეს პროცესი, რომელიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გულისხმობს, არის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა გრძელდება. ზეწოლის მიზეზი არის ის, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ეროვნული მთავრობა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნავს. ეს არის ევროკომისიის მხრიდან გადადგმული ძალიან უსამართლო ნაბიჯი, რომელიც, ასევე მიუთითებს მათ ღირებულებით კრიზისზე. საქართველოს არც ერთი პუნქტი, არც ერთი რეგულაცია, არც ერთი მოთხოვნა არ დაურღვევია, რომელიც უვიზო მიმოსვლის დამყარებისთვის იყო აუცილებელი“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
