დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსა და ზოგადად, ევროპაში საღი აზრი გაიმარჯვებს. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ ოდნავადაც არ არის შესუსტებული, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.
მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს ევროპაში ბიუროკრატიულ მმართველობას, რომელსაც იგი ძალიან მძიმე შედეგისკენ მიჰყავს და ამაზე საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტიც.
„ჩვენი საგარეო-პოლიტიკური კურსი ევროკავშირში ინტეგრაციაა. შეიძლება ითქვას, ამ მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ შესაბამის საქმიანობას ვახორციელებთ. ეს არის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იმავდროულად ვხედავთ იმასაც, რომ ევროკავშირში არის ისეთი თემები, რომელიც ისე არ ხდება, როგორადაც ჩვენ ევროპა და ევროპული ღირებულებები წარმოგვიდგენია. ვხედავთ ბიუროკრატიულ მმართველობას, რომელსაც ევროპა ძალიან მძიმე შედეგისკენ მიჰყავს. ამაზე საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტიც“, – განაცხადა კახიანმა.
მისივე თქმით, როდესაც ისინი საუბრობდნენ, რომ ევროკავშირისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ხდებოდა არეულობების, რევოლუციების დაფინანსება, გამოვლინდა, რომ სიმართლეს ამბობდნენ.
„რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ევროკავშირთან მიმართებაშიც გარკვეულ სკეპტიციზმს აჩენს, მაგრამ ჩვენ ასე არ უნდა შევხედოთ. ევროკავშირი არ არის ის, როგორსაც მას წარმოაჩენენ დღევანდელი ბიუროკრატები. იქაც არის შეხედულებები და მოსაზრებები და სრულიად განსხვავებულად უყურებენ ევროკავშირის განვითარებას“, – აღნიშნა კახიანმა.
