სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სასამართლო წარმოადგენს, მივიტანთ ჩვენს არგუმენტებს და დიდი ალბათობით, ახალ პროცესსაც მოვიგებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში საიას შეტანილ საჩივართან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო მზად იქნება, სასამართლოზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
„მათი განცხადებების შესაბამისად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მაშინ თავად მოითხოვა და სავარაუდო საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ისინი მივიდნენ და ჩვენებები მისცეს. რამე მიიტანეს? ვერაფერი მიიტანეს. დარწმუნებული ვარ, ასეთ ვითარებაში სტრასბურგის სასამართლოში იგივე ძალის მქონე მტკიცებულებებს მიიტანენ და სავარაუდოდ, ისევე შეიძლება, დამთავრდეს, როგორც დამთავრდა მათი სტრასბურგის ვოიაჟები, როდესაც მტკიცებულებები არ ჰქონდათ კონკრეტულ საკითხებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი სახელმწიფო მყარადაა.
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სასამართლო წარმოადგენს, მივიტანთ ჩვენს არგუმენტებს და დიდი ალბათობით, ჩვენ ახალ პროცესსაც მოვიგებთ. ეს პრეცედენტული იქნება. ყველა კარგად დაინახავს, რომ მოუმზადებლად, მტკიცებულებების გარეშე სტრასბურგში წასვლა კრახით მთავრდება. პოლიტიკურ ასპარეზზე შეიძლება, აღქმებით ილაპარაკო, მაგრამ სასამართლოში აღქმებით ვეღარ ილაპარაკებ. სტრასბურგის სასამართლომ მაშინ მყისიერად ნაბიჯების გადადგმისგან თავი შეიკავა და სწორი გააკეთა, რადგან ამის პირდაპირი მიმთითებელი, რომ რაღაც ზიანდებოდა არ არსებობდა და მხარემ ვერ წარადგინა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. როგორც საია-ში აცხადებენ, მათ მოთხოვნებში არჩვენების შედეგების გაუქმება არ არის.
