ქვეყნის წარმატების მთავარი რესურსი არის ადამიანი. ადამიანში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე კარგი ინვესტიციაა. თუ შენ მოახერხებ იმას, რომ ქვეყანაში ნორმალურ, კარგ პერსპექტიულ, განათლების სისტემას ააგებ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ აკეთებ განაცხადს ყველაზე სერიოზულ წარმატებაზე, რომლის მიღწევაც შეგიძლია, – განაცხადა ფილოლოგიის დოქტორმა, გია მურღულიამ გადაცემაში „შაბათ-კვირის დილა“.
მისივე თქმით, სახელმწიფოსა და პიროვნების ურთიერთობის თემა ყოველთვის აქტუალური თემაა.
„სახელმწიფო შექმნეს პიროვნებებმა იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ის, რისი გაკეთებაც ერთ ადამიანს არ შეუძლია. უზრუნველყოს უსაფრთხოება, განათლების სისტემა, ჯანდაცვის სისტემა, ფინანსური სისტემა და ასე შემდეგ. ჩვენ სახელმწიფოს ვაძლევთ უფლებას, პიროვნებები, რომ მას ჰყავდეს ჯარი, რომ გარე საფრთხისგან დაგვიცვას; პოლიცია, რომ შიდა ჰარმონია უზრუნველყოს და ასე შემდეგ, მაგრამ ის ჩვენ შევქმენით. არ შეიძლება ის იყოს მთავარი და ჩვენ მეორეხარისხოვანი. ასე, რომ ცხადია, სახელმწიფოს აქვს ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი, ნათლად ჩამოყალიბებული ვალდებულებები, რომ განათლების სისტემა იდგეს იმ სისტემაზე, რაც აუცილებელია საზოგადოების განვითარებისთვის“, – აღნიშნა მურღულიამ.
