მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითაც შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა – ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად არ დავსხდებით, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც დებატის საჭიროებას ეხება.
შალამბერიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებამ ნახა, თუ როგორი პოზიციები გამოხატა სხვადასხვა ოპოზიციურმა წარმომადგენელმა პრემიერის ინიციატივაზე.
„ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ დავსხდეთ ერთად ეთერში და შესაბამისად, ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო საკითხებზე გავცეთ მათ პასუხი, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში, როდესაც ეს ინიციატივა გაჟღერდა, თუ როგორი პოზიციები გამოხატეს სხვადასხვა ოპოზიციურმა წარმომადგენელმა.
რა თქმა უნდა, მე მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითაც შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა – ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად არ დავსხდებით. რა თქმა უნდა, ეს არ არის მისასალმებელი“, – განაცხადა შალამბერიძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აცხადებს პრემიერი.
