ჰელსინკის კომისიის სპექტაკლები ჩვენ უკვე ვიხილეთ, ბატონი უილსონი ხელმძღვანელობდა და აქედან ჩასული აგენტებიც კარგად გვახსოვს, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, „ქალბატონი თორნტონია ის ადამიანი, რომელმაც ძალიან სერიოზული გულისწყრომა გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ნოემბრის აქციებზე მსხვერპლის ვერ იხილა“.
„არ მგონია, რომ საქართველოში რჩებოდეს ადამიანი, ვინც სერიოზულად აღიქვამს ამ კომისიას. მითუმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი მომხსენებელი უნდა იყოს ქალბატონი ლორა თორნტონი, რომლის სტიპენდიატიც ქალბატონი ზურაბიშვილია, რომელიც გამოირჩევა ბატონი ტრამპის მიმართ აგრესიული დამოკიდებულებით და აგრესიული რიტორიკით, საშინელი ბრალდებებით.
ქალბატონი თორნტონია ის ადამიანი, რომელმაც ძალიან სერიოზული გულისწყრომა გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ნოემბრის აქციებზე მსხვერპლის ვერ იხილა. შესაბამისად, ასეთი კომისიაა, ასეთი შემადგენლობაა, რაც უნდათ ის უქნიათ, რაც უნდათ ის ულაპარაკიათ. ჩვენთვის საინტერესო აბსოლუტურად არ არის“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ლორა თორნტონი, რომელიც დონალდ ტრამპს სექსუალურ მოძალადეს უწოდებს, 28 იანვარს ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება ჰელსინკის კომისიაზე, სადაც საქართველოს შესახებ მოხსენებაა ჩანიშნული, თემით – „ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა. თორნტონი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორია, რომელიც საქართველოში ენ დი აიას ოფისს ხელმძღვანელობდა.
