ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ძალიან დიდი თანხები იხარჯება, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო უკეთესი, კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო მწვანე, გალამაზებული, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვანდალიზმის ფაქტებზე საუბრისას.
მისივე თქმით, როდესაც ზოგიერთი თანამოქალაქე მიზანმიმართულად აზიანებს ნაგებობებს, შეიძლება ეს იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, შემდეგ ათეულობით მილიონი ლარია საჭირო იმისთვის, რომ ეს კონკრეტული შენობა-ნაგებობები დაუბრუნდეს თავის პირვანდელ სახეს.
„ეს ხომ ისევ ხალხის ფულია, ჩვენი მოქალაქეების ფულია, ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს, მაშინ როდესაც შეგვიძლია აღნიშნული თანხები სხვა კარგი საქმეების გასაკეთებლად და პროექტების განსახორციელებლად მივმართოთ“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისი მერმა ვანდალიზმის ფაქტებზე, კანონის აღსრულების გამკაცრება დააანონსა.
„ეს ქალაქი არის ჩვენი – ყველასი, ყველამ უნდა მოვუაროთ, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ ქალაქის განვითარებაში და გალამაზებაში. გადაწყვეტილებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მივიღეთ, შევძლებთ, რომ უფრო კარგი კოორდინაცია გავუწიოთ აღნიშნულ მიმართულებას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოქალაქეების მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
