ევროკავშირის შეცვლა და რეფორმა შეუძლებელია, ამას მტკიცედ გეუბნებით. უკვე ათწლეულებია, ევროკავშირის რეფორმირებაზე საუბრობენ, ეს ცარიელი სიტყვებია, – განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ დემოკრატიისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის კვლევითი პროგრამების დირექტორმა, ფილოსოფიის დოქტორმა ჯონ ლაფლენდმა. მან ამგვარად უპასუხა გადაცემის წამყვანის, იან პრაუდის კითხვას, „შეუძლია კი ევროკავშირს და ბრიუსელს, განახორციელოს ის რეფორმები, რომელიც მას სჭირდება და ამით გადაირჩინოს თავი?“.
ლაფლენდის თქმით, ევროპის ფუნდამენტური პრობლემები, მათ შორის მისი ანტირუსული პოლიტიკა, ევროკავშირის ცენტრალიზაცია, მისი ბიუროკრატია და მისი ტოტალიტარული სტრუქტურა არსად წავა, სხვა ევროკავშირი ვერ დაიბადება.
„ეს სისტემა სიცოცხლისუნარიანია ჯერჯერობით. სულ ახლახან, შობას ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მას უკეთ შეუძლია პოლონური კონსტიტუციის ინტერპრეტაცია, ვიდრე ვარშავაში საკონსტიტუციო სასამართლოს. ასე რომ, იმპერია იბრძვის. ამავე დროს, უნგრეთის ფაქტორი, სლოვაკეთისა და ჩეხეთისაც, უკრაინასთან დაკავშირებით პრობლემატურია ევროკავშირისთვის. შეიძლება ვიხილოთ კოლაფსიც, ბიუჯეტი ცუდ დღეშია, განსაკუთრებით საფრანგეთში. ამან შესაძლოა, დრამატულ მოვლენებამდე მიგვიყვანოს, მაგრამ ინსტიტუტებს ახასიათებთ ინერციით არსებობა.
მახსოვს, ერთმა ადამიანმა 15 წლის წინ პარიზში, სავიზიტო ბარათი მაჩუქა და ზედ დასავლეთ ევროკავშირი ეწერა, ორგანიზაცია, რომელიც 1992 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულებით გაუქმდა. ასევე 10, 15 წლის წინ მითხრეს, რომ ერთა ლიგაც კი არსებობდა გარკვეული სახით და გაერთიანებული ერების ოფისში, ერთა ლიგის დეპარტამენტი კვლავაც არსებობს. ასე რომ, ეს ორგანიზაციები სიკვდილის შემდგომაც არსებობენ. ვნახოთ რა იქნება, მაგრამ ევროპა და ევროკავშირი როგორც გლობალური აქტორი აღარ არსებობს“, – აღნიშნა ჯონ ლაფლენდმა.
