აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკვანძო ელემენტია რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
რუბიოს თქმით, გარანტიების საკითხზე არსებობს „საერთო თანხმობა“ იმის თაობაზე, რომ ისინი ითვალისწინებენ „ევროპული ჯარების მცირე კონტინგენტის, პირველ რიგში, ფრანგული და ბრიტანული ძალების განლაგებას, ასევე აშშ-ის მხარდაჭერას“.
თუმცა, როგორც სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, სწორედ შეერთებული შტატების მონაწილეობაა უსაფრთხოების ნამდვილი გარანტია, რადგან აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინაში ევროპული ჯარების შესაძლო განთავსება „მიზანშეწონილი არ იქნება“.
სახელმწიფო მდივანს არ დაუკონკრეტებია, თუ რაში მდგომარეობს აშშ-ის მხარდაჭერა. მანამდე აღინიშნებოდა, რომ ამერიკული ჯარები უკრაინაში არ გაიგზავნებოდა, თუმცა შეერთებული შტატები უზრუნველყოფდა ლოგისტიკურ და სადაზვერვო მხარდაჭერას, ასევე აიღებდა ვალდებულებას, რეაგირება მოეხდინა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაზე.
