არ ვფიქრობ, რომ მათ განცხადებებს მხოლოდ შანტაჟი შეიძლება ეწოდოს. ეს არის კარგად გათვლილი, კონკრეტული პოზიცია, რომელიც საქართველოში არეულობის გამოწვევის მიზნითაა ჩამოყალიბებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.
ვოლსკის თქმით, წარმოუდგენელი რამ ხდება, როცა საუბარია, რომ საქართველო უნდა დაისაჯოს, რადგან არ უშვებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციური პროცესების განვითარებას.
„როგორ გაბედა საქართველოს ხელისუფლებამ და როგორ დაუპირისპირდა მათ გამონათქვამს, რომ დიახაც, საქართველოში შავი ფული უნდა შედიოდეს და დესტაბილიზაციას ხმარდებოდეს. ამას კანონი გზას თუ ჩაუკეტავს, ჩვენ მოვძებნით გზებს, რათა კანონს ავუაროთ გვერდიო. ეს განცხადება გააკეთეს. იმისთვის, რომ ქვეყანაში არ შემოვიდეს ისეთი ფინანსები, რაც დააზიანებს, კონკრეტული კანონები იყო მიღებული. ვიცით, რა მიზნები აქვთ მათ, მარტა კოსს და კაია კალასს. მუდმივად საუბარია, საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ არ უშვებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციური პროცესების განვითარებას. წარმოუდგენელი რამ ხდება, ყველანაირ ფასეულობას, ლოგიკას და კანონს ხაზი გადაუსვეს. სამართლიანობაზე საუბარი აღარ არის“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
