ავიაკომპანია Fly Dubai ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან ყველა რეისს დროებით აჩერებს. გადაწყვეტილება დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი თვითმფრინავის მეორე პილოტის მიერ ლაინერის ჩამოგდების მცდელობის გამოძიების დასრულებამდე იმოქმედებს, იუწყება ისრაელური მედია.
„ფრენების დროებით შეჩერება შესაბამის უწყებებს საშუალებას მისცემს, გამოძიება გააგრძელონ და მომხდართან დაკავშირებული ყველა გარემოება დაადგინონ“, – განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ავიაკომპანია სრულად უჭერს მხარს მიმდინარე გამოძიებას და მთელი თავისი მარშრუტების ქსელში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს.
„ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიმყოფებით სახელმწიფო უწყებებთან, მარეგულირებელ ორგანოებსა და აეროპორტების წარმომადგენლებთან. ფრენების შეჩერების საკითხს დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაბამისად გადავხედავთ“, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, გუშინ საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში ფრენისას თვითმფრინავმა ჯერ საერთაშორისო საგანგებო სიგნალი (კოდი 7700), მოგვიანებით კი კოდი 7500 გადასცა, რაც ხომალდის გატაცებას ან მასზე უკანონო ჩარევას ნიშნავს. კურსის შეცვლის შემდეგ თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა.
