საქართველოს განათლების სისტემაში ისტორიული რეფორმა იქნება, რომელიც სასკოლო და უმაღლესს განათლებას თვისობრივად შეცვლის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ახალგაზრდებს იმაზე არ ექნებათ საფიქრალი, რომ საზღვარგარეთ წავიდეს და როგორმე, სხვა ქვეყანაში ისწავლოს, არამედ საკუთარ გარემოში შესაძლებლობა ექნებათ, უმაღლესი განათლება მიიღონ.
„ამას აუცილებლად მივაღწევთ. თბილისის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ, ყველას, ვისაც შეიძლება, საკითხზე გულწრფელი კითხვები ჰქონდეს. კითხვებს პასუხები გაეცემა. ამ მხრივ განათლების მინისტრი აქტიურია, პრემიერ-მინისტრიც აქტიურად ჩართულია. ჩვეულებრივი ეჭვმიტანილებიც ვნახეთ, რომელთაც ამ დროს, როგორც წესი, თავისი ემოციური კრიზისები ეწყებათ ხოლმე და ასეთ საკითხებს საბაბად იყენებენ, რომ ზიზღისა და სიძულვილის მთელი კასკადისგან დაიცალონ. ამ ადამიანებს ვერაფერს ვუშველით, ისინი საკუთარი ემოციების დაზიანების ბაბლში არიან ჩაკეტილები. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდება. ისინი ემოციურად დაზიანებული ხალხია, რომელთაც საბაბი და ტრიგერი აქვთ, რომელთაც ყველანაირ საკითხზე ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა ეწყებათ. ამ ადამიანებს ვერაფერს ვუშველით. მათ რომ შეხედოთ, ამბობენ, თითქოს, უნივერსიტეტის დაცვა უნდათ, მაგრამ იქვე, ზიზღს აფრქვევენ ორივე უნივერსიტეტის პროფესორის და რექტორების მიმართ. ზიზღს ავლენენ სტუდენტების მიმართაც – თქვენ ჩვენს გვერდით არ იყავით აქციებზე და ახია, თქვენზე, თქვე საზიზღრებოო. ამ ადამიანებს ეზიზღებათ, სტუდენტებიც, პროფესორებიც. მათთვის ეს საკითხი კიდევ ერთი საბაბია კიდევ ერთი სიძულვილის დღის მონიშვნის, რომ შემდეგ რეპორტი გააგზავნონ საზღვარგარეთ და უთხრან, დღესაც, ძვირფასო დამფინანსებლებო, ორჯერ შევიგინე, სამჯერ შევიზიზღე და 15-ჯერ სიძულვილი გამოვხატე, გთხოვთ, ჩარიცხოთ შემდეგი ტრანშიო. სახელს და გვარსაც კი არ წერდნენ, იმდენად უცნობი ადამიანები იყვნენ, მხოლოდ „განათლების ექსპერტიო“. ღრმად არაკომპეტენტურ მსჯელობად ვხედავთ მათი მხრიდან, ვისაც თითქოს, ამ სფეროში განათლება აქვთ მიღებული და თავი კიტრად მოაქვთ. ერთადერთი რაც თქვეს, შენობების გაყიდვააო. წარმოგიდგენიათ, რაზე ვსაუბრობთ? – უმაღლესი განათლების რეფორმაზე და თქვან, კომპეტენტური აზრი რა, როგორ უნდა იყოს. ერთადერთი ამბობენ, შენობების გაყიდვა, შენობების გაყიდვაო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, შენობის გაყიდვა თუ გასხვისება არავისთვის მთავარი არ არის, არამედ, მიზანია ხარისხიანი განათლება.
„ივანე ჯავახიშვილის იდეა იყო – ერთიანი უნივერსიტეტი. ეს იყო მისი მიზანი, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქმნიდა. თსუ-ში ტექნიკური მიმართულების ფაკულტეტი შეიქმნა, მაგრამ როცა ბოლშევიკების დროს ივანე ჯავახიშვილი გამოაგდეს, მიაბრუნეს და დაახვედრეს თსუ-ში ისეთი გარემო, რასაც საბოლოო ჯამში გადაჰყვა, შემდეგ დაყვეს და დაანაწევრეს, რათა აკადემიურ პერსონალზე მეტი კონტროლი ჰქონოდათ. სინამდვილეში, ვინც კეთილსინდისიერად დაფიქრდება, მიხვდება, ეს მხოლოდ სასარგებლოა ორივე უნივერსიტეტისთვის, რადგან ერთიანი იქნება და უმაღლესი განათლების მიღება იქნება შესაძლებელი როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. ემოციურად დაზიანებულ ბაბლს შენობების გარდა არაფერი ახსენდება განათლების რეფორმაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად კი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.
