პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, „პოს ტვ“-ის ჟურნალისტ ნათია კვარაცხელიაზე ოპოზიციონერი აქტივისტების მხრიდან შეურაცხყოფას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და მას მხარდაჭერას უცხადებს.
წილოსანის განცხადებით, ისინი, ვინც კვარაცხელიას თავს ესხმიან, ევროპულ ღირებულებებს არიან ამოფარებულნი, სინამდვილეში კი, ფაშისტურ დაჯგუფებას ემსგავსებიან. მისივე თქმით, ამ ფაშისტურ დაჯგუფებას თავისი მფარველებიც ჰყავს, რომლებიც მათ აფინანსებენ, ახალისებენ და დუმილით ეთანხმებიან ადამიანების სხვადასხვაგვარ შეურაცხყოფას, რაშიც, წლების განმავლობაში ატრენინგებდნენ კიდეც აქტივისტებს.
„ეს ჟურნალისტი ნათია კვარაცხელიაა და მასთან არაერთხელ მქონია საქმიანი გადაკვეთა. ნათია ძალიან მაგარი გოგოა – მამაცი და თავისი საქმის პროფესიონალი. სწორედ ამიტომ, ის არაერთხელ გამხდარა ბულინგის, თავდასხმის და შეურაცხყოფის ობიექტი რადიკალების მხრიდან.
მაგრამ ეს პოსტი ამაზე არ არის. ისინი, ვინც ნათიას თავს ესხმიან, ევროპულ ღირებულებებს არიან ამოფარებულნი. სინამდვილეში კი, სწორედ ევროპულ ფასეულობებს თელავენ ფეხქვეშ და ფაშისტურ დაჯგუფებას ემსგავსებიან. უფრო მეტიც, ამ ფაშისტურ დაჯგუფებას თავისი მფარველებიც ჰყავს, რომლებიც მათ აფინანსებენ, ახალისებენ და დუმილით ეთანხმებიან ადამიანების შეურაცხყოფებს: ქალების უხამსი სიტყვებით მოხსენიებას, ზიზღის და სიძულვილის დათესვას და ადამიანების სოციალურ ჩაგვრას.
პრინციპში, სწორედ ამაში ატრენინგებდნენ წლების განმავლობაში და ამ ტრენინგებს ისინი თითოეული ჩვენგანის მიმართ მშვენივრად იყენებდნენ.
ნათია გამონაკლისი არ არის, მაგრამ აქ, ამ პოსტით, ნათიას მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო. როცა შენს მიმართ ასეთი უღირსი მეთოდებით იბრძვიან, ცხადია, საზოგადოებრივი მხარდაჭერა ვის მხარეს არის…“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.


