საქართველომ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შეუძლია, ძალიან წარმატებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, არამედ უკვე ღია ბაზარზეც შეუძლია, ძალიან წარმატებული იყოს, წარმატებით მოახდინოს ობლიგაციების გამოშვება, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან ისაუბრა, თუ რა ნაბიჯები გადადგა სამინისტრომ, რომ საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება გამოეწვია.
მისივე თქმით, გამოწვევები მსოფლიოს მასშტაბით დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ საფინანსო ბაზრები დღესდღეობით მაინც და მაინც კარგ მდგომარეობაში არ არის. შესაბამისად, ეს არ წარმოადგენდა ხელის შემწყობ ფაქტორს მათი მიერ გამოშვებული ევროობლიგაციისთვის, თუმცა მათ შეძლეს ინვესტორებისთვის დეტალურად გაეცნოთ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა.
„ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ინვესტორებთან. ინვესტორებს დეტალურად გავაცანით საქართველოს მდგომარეობა. ის, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოში საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და იგი საშუალოდ, 9,3%-ია. ის, რომ ფისკალური მონაცემები, როგორც ვალის მიმართულებით, ასევე ბიუჯეტის დეფიციტის მიმართულებით, ნამდვილად საუკეთესოა, ბუნებრივია, ეს ინვესტორებში დამატებით ნდობას იწვევს და ზოგადად, ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ქვეყანა, საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ყველაფერმა ამან მოიტანა ის, რომ ინვესტორების მხრიდან ძალიან დიდი ნდობა და ძალიან დიდი ინტერესი იყო.
ზოგადად, ითვლება, რომ დაახლოებით, 2-2,5-ჯერ მეტი მოთხოვნა ითვლება საკმაოდ კარგ შედეგად, თუმცა ამ შემთხვევაში 5,5-ჯერ აღემატებოდა ბაზარზე შეთავაზებულ ვარიანტს ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა, რაც განსაკუთრებულ დიდ ნდობას აჩვენებს ინვესტორების მხრიდან. ამ მიმართულებით საქართველომ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შეუძლია, ძალიან წარმატებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, არამედ უკვე ღია ბაზარზეც შეუძლია, ძალიან წარმატებული იყოს, წარმატებით მოახდინოს ობლიგაციების გამოშვება.
ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაპირებთ აქტიურობას არა მხოლოდ ევროობლიგაციების ბაზარზე, არამედ სხვა ბაზრებზეც, მათ შორის აზიის ბაზრებზეც, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
