დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. პირველივე სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილია „ზოგადი განათლებისა“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილებები. სესიამდე გაიმართება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა, სადაც კანონპროექტებს პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავენ.
მმართველი გუნდის შეფასებით, ცვლილებების მიზანია სახელმწიფოს მხრიდან განათლების ხარისხზე პასუხისმგებლობის გაძლიერება და ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფა.
„ძირითადი ხედვა არის ის, რომ ქვეყანაში მივიღოთ ხარისხიანი განათლება და შედეგად მივიღოთ ახალგაზრდა, რომელიც განათლებას იღებს საქართველოში, სახელმწიფო უნივერსიტეტში და სახელმწიფო იყოს პასუხისმგებელი იმ დიპლომზე, რომელსაც გასცემს. სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების განათლების ხარისხის ხელმისაწვდომობას, მათ შორის უფასო განათლების უზრუნველყოფას და რეგიონების განშტოებას და განშლას“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
