ევროკავშირმა 2025 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთისგან 4,55 მილიონი ტონა სამთო-ფოლადის პროდუქცია შეიძინა, რომლის საერთო ღირებულებამ 1,85 მილიარდი ევრო შეადგინა. ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურზე (Eurostat) დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსეთიდან იმპორტის დიდ ნაწილს ფოლადის ნახევარფაბრიკატები შეადგენს. 11 თვეში ევროკავშირმა 3,19 მილიონი ტონა პროდუქცია შეიძინა, რომლის ღირებულება 1,4 მილიარდი ევროა.
რუსული ფოლადის უმსხვილესი შემსყიდველები არიან ბელგია, იტალია, ჩეხეთი და დანია.
ევროკავშირის ქვეყნებმა 2025 წელს რუსეთისგან აგრეთვე იყიდეს 697 ათასი ტონა თუჯი. აღნიშნული პროდუქციის იმპორტიორები იყვნენ იტალია, ლატვია და ბელგია.
„სანქციების მიუხედავად, რუსი მწარმოებლები ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტის მეშვეობით მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღებას განაგრძობენ“, – აღნიშნულია ანალიტიკურ სტატიაში.
