„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ რაზეც აუცილებელი და გადაუდებელია გაიხსნას საჯარო დისკუსია, ეს არის ევროინტეგრაციის საკითხი, რადგან ევროილუზიაში გატარებული ყოველი დღე ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია.
„ის, რაც საქართველომ წლების განმავლობაში საკუთარ თავზე გადაიტანა, ამაზე უკვე ღიად ალაპარაკდა აშშ-იც. ქარტეხილებს, ამ ზეწოლასა და შანტაჟს საქართველომ გაუძლო. ახალ მსოფლიო რეალობაში ვხედავთ, რომ ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტები რჩება იმ მსოფლიო წესრიგის შესაბამისი, რომელიც ჩვენს თვალწინ დაინგრა და წარსულის კუთვნილება გახდა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ დღეს თუ რაიმე საკითხი არის, რაზეც აუცილებელი და გადაუდებელია გაიხსნას საჯარო დისკუსია, არის სწორედ ეს ევროინტეგრაციის საკითხი, რადგან ყოველი დღე, გატარებული ევროილუზიაში, საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი, რომ ბოლო დროს საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა, არის კი მართებული და ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების პრინციპებთან თავსებადი ის საგარეო კურსი, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეული. პარტია მზადყოფნას გამოთქვამს, „ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დაამტკიცოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ქვეყნის მიმართ“.
