საქართველოში ძალიან კარგი გარემო გვაქვს ბიზნესის საკეთებლად, ეკონომიკური საქმიანობის ან ინვესტიციის განსახორციელებლად – გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთები და კორუფციის სიმცირე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, Gulf Today-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ყველაფერი შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის საქართველოში ბიზნესის საკეთებლად.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა Eagle Hills-ის უპრეცედენტო მასშტაბის, 6,6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საკმაოდ გაზრდილია ეკონომიკური აქტივობა.
„მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია Eagle Hills-ის უმსხვილესი, 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია. ჩვენ მივესალმებით ინვესტორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ყველა მათგანი სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მიმაჩნია, რომ ჩვენც სანდო პარტნიორები ვართ მათთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
