ევროკავშირი, როგორც პროექტი, გადაიზარდა უფრო სხვა რამეში. 90-იან წლებში, როდესაც საქართველომ ევროპისკენ სვლა დაიწყო, მაშინ ის იყო საერთო კეთილდღეობის ერთიანი ბაზარი და ჩვენ ეს გვაინტერესებდა,- განაცხადა პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ გადაცემაში „EURO ანატომია“
„ ბოლო წლებში კეთილდღეობის ბაზარს დაემატა იდეური მდგენელი ულტიმატუმური ფორმით, რომელსაც თავს გვახვევენ, ამას დაემატა სამხედრო კომპონენტი და ეს ჩვენთვის უკვე მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი გოგავამ.
პოლიტოლოგმა ასევე ისაუბრა ოპოზიციისა და ე.წ. ენჯეოების კრიტიკაზე საქართველოს ჩინეთთან დაახლოების თემატიკასთან დაკავშირებით.
„ე.წ. ენჯეო კლასტერი არ არის ბუნებრივად აღმოცენებული სამოქალაქო საზოგადოება, ეს არის უცხო სახელმწიფოების სამთავრობო სექტორი, რომელიც ფინანსდება სამთავრობო ფულით. ამიტომ ასეთი განცხადებები ემსახურება იმ ძალის ცენტრებს, რომლებიც მას აფინანსებენ. ამიტომაც, ამ ძალების სრული დისკრედიტაციაა საქართველოს საზოგადოებაში, ჩვენ მათ არ ვუსმენთ, ჩვენ გვაქს ჩვენი სუვერენული ხედვები, რომელსაც საჯაროდ გამოვთქვამთ. დისკრედიტირებული ე.წ. ენჯეო სექტორი ჩვენთვის არ არის შუქნიშანი“, – აღნიშნა ირაკლი გოგავამ.
როგორც გოგავამ აღნიშნა, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები საკმაოდ დინამიურად ვითარდება.
„საქართველოში ჩინური ინვესტიციების მოცულობა არის 280 მილიონი დოლარი, მაგრამ ამავე დროს გვაქვს აზიის განვითარების ბანკი, სადაც ჩინეთის დომინაციით ხდება გადაწყვეტილების მიღება. აზიის განვითარების ბანკით 5 მილიარდი დოლარია ჩადებული საქართველოს ინფრასტრუქტურაში. ასეთი ურთიერთობა არის აუცილებელი“, – განაცხადა გოგავამ.
