ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ გარედან დაფინანსებით, სხვადასხვა ფონდის მეშვეობით, რომელთა უკანაც დგანან უდიდესი ძალაუფლების მქონე ძალები, ცდილობენ რომ გახლიჩონ საზოგადოება, შემოიტანონ რადიკალიზმი, ექსტრემიზმი, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ინსტიტუციების არაღიარების საკითხთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ გზით კონკრეტული ძალები ცდილობენ ხიდჩატეხილობა გააჩინონ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, საზოგადოება შეაჩვიონ, რომ თითქოს სახელმწიფო არ არსებობს.
„ადამიანებს რომ გაუმარტივდეთ ძალადობრივად ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რევოლუციური სცენარის მოწყობა, პირდაპირ ჩართულები არიან სხვადასხვა უცხოელი თანამდებობის პირები და ცდილობენ მოახდინონ რომანტიზება იმისა, რაც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში არის ძალადობა, არის მიუღებელი, არის კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
