ეს არის მართლაც უპრეცედენტო და ისტორიული რეფორმა და მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება, რასაც ჰქვია უფასო სწავლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ მედიასთან.
მას კითხვა დაუსვეს განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. კირცხალიას თქმით, საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, ბუნებრივი და დემოკრატიული პროცესია.
„ზოგადად ნებისმიერ რეფორმას და განსაკუთრებით ისეთ მასშტაბურ რეფორმას, რომელიც უკავშირდება განათლებას, რა თქმა უნდა მოჰყვება აზრთა სხვადასხვაობა, რაც ბუნებრივი და დემოკრატიული პროცესია. მისასალმებელი და საჭიროა ყველა ის შეხვედრა, ყველა ჯგუფის მოსმენა, ყველა აზრის მოსმენა, რაც ჟღერდება ამ რეფორმის ფარგლებში. ვნახეთ მინისტრის მოადგილეების შეხვედრა, საპარლამენტო განათლების კომიტეტთან შეხვედრები, მინისტრის შეხვედრა, პრემიერ-მინისტრის შეხვედრა და რა თქმა უნდა ეს შეხვედრები გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, ყველა გაიაზრებს იმ მთავარ გამყოფ ხაზს, რასაც ჰქვია პირველ რიგში ძალიან ეფექტური განათლება ჩვენი ახალგაზრდებისთვის და შემდეგ აბსოლუტურად დანარჩენი სხვა ყველაფერი. ამიტომ, ამ მკაფიო ხაზის გავლების შემდეგ, დამერწმუნეთ, ხელისუფლება მზად არის ნებისმიერი დიალოგისთვის და სწორედ ამ დიალოგს ვხედავთ – პრემიერი ხვდება და ისმენს ყველა აზრს და ის აუცილებლად გაუზიარებს თავის პოზიციას, მოსაზრებას, რომლებიც დამერწმუნეთ ერთ და ორ დღეში არ გადაწყვეტილა. რეფორმა ძალიან კარგად არის დამუშავებული და დამერწმუნეთ, ყველა მიიღებს შესაბამის არგუმენტირებულ პასუხს“, – აღნიშნა კირცხალიამ.
