საქართველოს მთავრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის.
შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძემ ბრიფინგი განათლების მინისტრთან ერთად გამართა.
ბრიფინგამდე კობახიძე სტუ-ის რექტორსა და პროფესორ – მასწავლებლებს შეხვდა.
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 29 იანვარს გახდა. გადაწყვეტილებას ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა ახლდა. განცხადება გაავრცელა თსუ-ის სენატმა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების ინიციატივა არ იყო დასაბუთებული და მიზანშეწონილი. ასევე, თსუ-ს წარმომადგენლობითი ორგანო მიიჩნევდა, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყვეტილიყო და გაგრძელებულიყო მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია. თავის მხრივ კი, განცხადება გაავრცელა სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ. მათი განმარტებით, არ ეთანხმებოდნენ უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, მათ შორის თსუ-თან შესაძლო შერწყმის გზით. საბჭო ასევე სთხოვდა მთავრობას, შეეჩერებინა პროცესი, ვიდრე არ შედგებოდა განხილვა და არ იქნებოდა უნივერსიტეტის თანხმობა.
