წყლის სექტორის განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამართული სისტემა ნიშნავს მეტ ტურისტს, ძლიერ წარმოებას და სოფლის მეურნეობას, ჯანსაღ გარემოს ბიზნესისთვის, საბოლოოდ კი – მეტ კეთილდღეობას მოქალაქეებისთვის.
„დღევანდელი ფორუმი არის ადგილი, სადაც ჩვენ ერთად ვაყალიბებთ ამგვარი მომავლის ხედვას. აქ შეკრებილი პროფესიონალები, საერთაშორისო პარტნიორები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ვერთიანდებით ერთი იდეის გარშემო – წყლის რესურსის სწორი მართვა საქართველოს ძლიერებისა და განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „აქუალიას“ პარტნიორობისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორს – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ და ფორუმის თითოეულ მონაწილეს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ჩვენი უცხოელი მეგობრების ჩართულობა ამ პროცესში წარმატების უმნიშვნელოვანესი გარანტია“, – განაცხადა პრემიერმა.
