სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით, პარლამენტმა, კომისიის მუშაობის პარალელურად, საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს.
კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, საერთაშორისო კომპანიის მოწვევის მიზანია, კომპანიამ შეისწავლოს გამოწვევები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები. საერთაშორისო კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.
ბერეკაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სექტორის შესწავლაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართოთ ინიციატივით, რომ პარლამენტმა ჩვენი კომისიის პარალელურ რეჟიმში მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია, რომელსაც აქვს კარგი გამოცდილება, ასე ვთქვათ, პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების სექტორზე. მოვიწვიოთ ასეთი კომპანია, რომ პარალელურ რეჟიმში შეისწავლოს ჩვენი სექტორის სტრუქტურა, ბიზნესპროცესები, რა პრობლემები არსებობს, შეადაროს საქართველოს მსგავს ქვეყნებთან, სხვა ქვეყნებთან ბაზრის სტრუქტურა და თავისი რეკომენდაციები დაწეროს. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება, რადგან ჩვენი კომისიის მუშაობის პარალელურად გვექნება დოკუმენტი, შესაძლებელია, განსხვავებული თვალით დანახული, გარედან შეფასებული, რომელიც არსებითად მნიშვნელოვნად დაეხმარება საბოლოო ჯამში ჩვენი კომისიის მუშაობას და შედეგზე გასვლას“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
საპარლამენტო კომისიის წევრებმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირეს.
სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისიის მომდევნო სხდომა 13 თებერვალს გაიმართება.
