აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი გამართა.
ბრიფინგის პანელისტებად მიწვეულნი იყვნენ McLarty Associates-ის უფროსი მმართველი დირექტორი კლერ კაიზერი, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი ლორა თორნტონი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვართანიანი.
„საქართველოს ისტორია დიდია, მისი ხალხი კი – მედეგი. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალს თავად საქართველო განსაზღვრავს და არა ვაშინგტონი, თუმცა ახლა, 2026 წლის თებერვალში, ჩვენ ვხედავთ უჩვეულო დინამიზმს კავკასიის რეგიონში, მათ შორის აშშ-ის ჩართულობითაც. ამიტომ, ჩვენ ღიად უნდა მივუდგეთ რეგიონული მიდგომის კრეატიულად გააზრებას, რათა ხელიდან არ გავუშვათ ეს შესაძლებლობა იმ იმედით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მოვლენები საუკეთესოდ ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ის ხალხის ინტერესებს“, – აღნიშნა კლერ კაიზერმა.
„მე ასევე მოგიწოდებდით, რომ ეს გამოწვევა არა მხოლოდ აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში, არამედ რეგიონულ კონტექსტშიც განვიხილოთ. ვფიქრობ, ცენტრალური აზია ამ მხრივ საინტერესო მოდელს გვთავაზობს: ათი წლის წინ აშშ-მა წამოიწყო C5+1 ფორმატი, რომელიც დღესაც მყარი პლატფორმაა და სულ უფრო მეტ იმპულსს იძენს, რაც ნოემბერში, ვაშინგტონის სამიტზეც ვიხილეთ. აშშ-ის პოლიტიკის შემქმნელებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ მსგავსი ინიციატივა TRIPP-ის ბაზაზე, რაც მას მეტ მდგრადობას შესძენს – პირობითად რომ ვთქვათ, რაღაც C3-ის მსგავსი. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში განამტკიცებდა აშშ-ის ინტერესს სამხრეთ კავკასიის ინტეგრაციასა და თანამშრომლობაში. ეს არ არის ურთიერთობების გადატვირთვა საქართველოსთან. ეს არის მცდელობა, ვიპოვოთ მათთან ურთიერთობის გზა უფრო ფართო რეგიონულ დონეზე – უსაფრთხოების, რეგიონული ინტეგრაციისა და ეკონომიკური პლატფორმის მეშვეობით, რაც საბოლოოდ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ მთელ რეგიონს. ვფიქრობ, ეს საშუალებას მოგვცემს, პარალელურ რეჟიმში ვიპოვოთ სწორი გზები აშშ-საქართველოს შიდაპოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლადაც“, – დასძინა მან.
