კეთილსინდისიერად მომუშავე კომპანიებისთვის სახელმწიფოსთან პარტნიორობა იქნება მაქსიმალურად კომფორტული, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.
მისივე თქმით, უწყების ძირითადი ამოსავალი წერტილი მშენებლობის მაღალი ხარისხი, პროფესიული კადრების დეფიციტის აღმოფხვრა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაა.
როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ქვეყანაში მწვავე ნაკლებობაა ტექნიკური მიმართულების სპეციალისტების – ინჟინრების, დამპროექტებლების, წყალმომარაგებისა და გზების მშენებლების. ზოგიერთი პროფესია განლევად რეჟიმშია, რაც სისტემურ მიდგომას საჭიროებს.
„განათლების რეფორმა სწორედ იმას ემსახურება, რომ სახელმწიფომ წაახალისოს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროფესიები. ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური მეგზევეები, ხიდების და გვირაბების სპეციალისტები, რათა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი არ შეფერხდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, აქტიურად მიდის მუშაობა, რათა ახალგაზრდებს გაუჩნდეთ ინტერესი ამ პროფესიების მიმართ, თუმცა დროის სიმცირის გამო, სამინისტრო ერთვება უცხოელი სპეციალისტების მოწვევის პროცესში. საგზაო დეპარტამენტს უკვე შეუერთდებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ადგილობრივ კადრებს გამოცდილებას გაუზიარებენ. ანალოგიური მიდგომა იგეგმება წყალმომარაგების კომპანიაშიც.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ხარისხის კონტროლს და აღნიშნა, რომ კომპრომისი არცერთი მიმართულებით არ დაიშვება, ეს ეხება, როგორც გზებსა და წყალმომარაგებას, ისე სკოლებისა და ბაღების მშენებლობას. მისივე თქმით, ამასთანავე, სახელმწიფო მზად არის, კერძო სექტორს მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო შეუქმნას. 2027 წლიდან ქვეყანა სრულად გადავა ახალ სამშენებლო ნორმებზე, გადაიხედება ფასების პოლიტიკა, რათა კომპანიებს მუშაობის მოტივაცია ჰქონდეთ.
„კეთილსინდისიერება და პატიოსნება იქნება თანამშრომლობის მთავარი წინაპირობა. ჩვენი მიზანია, პატიოსნად მომუშავე კომპანიებისთვის სახელმწიფოსთან პარტნიორობა იყოს მაქსიმალურად კომფორტული. თუმცა, ხარისხთან დაკავშირებით გვექნება უმკაცრესი მიდგომა“, – განაცხადა მინისტრმა.
