საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურისა და საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შეხვედრას გამოეხმაურა.
საქართველოს პირველი კანონმდებლის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ მიაყენა შეურაცხყოფა გიგაურმა „ქრონიკის“ ჟურნალისტს, რომელიც მისგან შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდა.
„მე, როგორც მივხვდი, შეხვდნენ ბინაში, და არა საელჩოში, იყო პირადი ხასიათის შეხვედრა. ალბათ მეგობრობენ. სხვა მე არ ვიცი, რა დასკვნა გამოვიტანო. ერთადერთი რაც ვნახე და ამას მინდა ხაზი გავუსვა, ქალბატონი გიგაურის ზიზღი, „ევროპული ზიზღი“, რომელიც მისგან მოდის ჟურნალისტებთან მიმართებით – „რუსული ტელევიზია“. არ ვიცი, რაზე ჰქონდათ საელჩოში საუბარი, ასეთი ზიზღით დამუხტული, როგორ გამოვიდა გერმანიის ელჩთან შეხვედრიდან, რომ ასეთი სიძულვილი, ზიზღი აჩვენა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ფინანსდება ევროკომისიის მიერ. ასე რომ, ამ ყველაფერში, ერთი მილიონი არის გადახდილი, როგორც მათივე ინფორმაციიდან ვიცით. ამ ზიზღში და სიძულვილში ერთი მილიონია გადახდილი. როგორც ჩანს ამ თანხის გამომუშავება ხდება“, – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
