ჩვენი მიზანია, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლა დავიწყოთ ქვემოდან ზემოთ, რაც ნიშნავს, რომ ჯერ ჩვენ შევხვდებით მწარმოებლებს, შემდეგ იმპორტიორებს და დისტრიბუტორებს, – განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა „ქრონიკასთან“.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი სწორად წარიმართოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოება.
„დღევანდელი შეხვედრა გვექნება ბოსტნეულის, ხილის, წვენების და ჯემების მწარმოებელ კომპანიებთან. ჩვენი მიზანია, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლა დავიწყოთ ქვემოდან ზემოთ, რაც ნიშნავს, რომ ჯერ ჩვენ შევხვდებით მწარმოებლებს, შემდეგ იმპორტიორებს და დისტრიბუტორებს. ბოლო ეტაპზე შევხვდებით ქსელური მაღაზიების და სუპერმარკეტების წარმომადგენლებს. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი სწორად წარიმართოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოება. მიგვაჩნია, რომ საშუალო და მცირე წარმოება არის ეკონომიკის ზრდის ყველაზე მაღალი მაგენერირებელი. შემდეგ დაიწყება ანალიტიკის და შესწავლის ნაწილი. საბოლოო ჯამში, მივალთ იქ, რომ საუკეთესო მექანიზმებს ავამოქმედებთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გავაუმჯობესოთ სექტორი“, – აღნიშნა ბერეკაშვილმა.
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია მეორე სხდომას გამართავს.
