უცნაურია, როგორ განიხილეს საქართველო საკითხი ჰელსინკის კომისიაში, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ურთიერთობას ბიზნესურთიერთობების განვითარება დაარქვეს, როცა თავად ტრამპი პეკინში ჩასვლას აპირებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ჰელსინკის კომისია თავისი პათოსით ასცდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.
ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენას არცერთი კონგრესმენი არ დაესწრო, ეს არის მანიფესტაცია, რას წარმოადგენს დღეს კომისია.
„ჰელსინკის კომისიაში არიან კონგრესმენები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და ექსპერტები, რომლებიც სიტუაციას აანალიზებენ, გეგმავენ და კონგრესმენებს, ადმინისტრაციას რჩევებს აძლევენ. რას დაემსგავსა საქართველოსთან მიმართებით მათი საქმიანობა? – გამოჩნდა დაფინანსების წყაროები, ლობისტები, ლობისტებისთვის ფინანსების სქემებში ცალკეული გვარები, მათ შორის ჰელსინკის კომისიის წევრის, ჯო უილსონის. ახლა ჰელსინკის კომისიის აღმასრულებელი დირექტორი, საკმაოდ დიდი ფიგურა კორუფციის გამო სერიოზულად უტევს იმ წევრებს, რომლებიც ჰელსინკის კომისიას ლიდერობენ. რასაკვირველია, უცნაურად გამოიყურება ისიც, როგორ განიხილეს საქართველო საკითხი. რას დაუკავშირეს ქვეყანა? – ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ურთიერთობას ბიზნესურთიერთობების განვითარება დაარქვეს, როდესაც თავად ტრამპი პეკინში ჩასვლას უახლოეს პერიოდში აპირებს. მთელი ევროკავშირი პეკინისკენ მიისწრაფვის. ჰელსინკის კომისია თავისი შინაარსით, თავისი პათოსით ასცდა იმ პროცესებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. ჩვენ კიდევ შემოგვესივნენ იმ ექსპერტების მეშვეობით, რომლებიც არათუ აგინებენ ტრამპს და მოძალადეს უწოდებენ, არამედ აფინანსებენ, ხელფასს აძლევენ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ქუჩაში ახალგაზრდების გამოყვანით არიან დაკავებულები. ეს არის დღეს ჰელსინკის კომისია, რომელიც საქართველოს უპირისპირდება. საკითხების განხილვას არც ერთი კონგრესმენი არ დაესწრო, რაც ერთ-ერთი მანიფესტაცია, თუ რას წარმოადგენს და რა შინაარსი აქვს დღეს ჰელსინკის კომისიას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
