აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ბაქოსა და ბრიუსელს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის საკითხები.
ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის ლიდერის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
„საუბრის მიმდინარეობისას მოხდა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პერსპექტივების, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე მოსაზრებების გაცვლა“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა გამოხატა ევროკავშირის დაინტერესება აზერბაიჯანთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებით.
„ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, ასევე ბაქოს მნიშვნელოვანი წვლილი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის ფართო შესაძლებლობებზეც.
