ირანი მზად არის, განიხილოს კომპრომისები აშშ-თან ბირთვული შეთანხმების მისაღწევად, თუ ამერიკული მხარე სანქციების მოხსნის საკითხის განხილვაზე თანახმა იქნება. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
მაჯიდ ტახთ-რავანჩიმ თქვა, რომ ახლა “ბურთი ამერიკის მოედანზეა, რათა დაამტკიცოს, რომ შეთანხმება ნამდვილად სურს.”
“ახლა ბურთი ამერიკის მოედანზეა, რათა დაამტკიცოს, რომ შეთანხმება ნამდვილად სურს. ისინი თუ გულწრფელები იქნებიან, დარწმუნებული ვარ, შეთანხმების გზაზე დავდგებით. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს საკითხი და ასევე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც განვიხილოთ, თუ ისინი სანქციებზე საუბრისთვის მზად იქნებიან,” – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მან არ დაადასტურა, გულისხმობს თუ არა ეს ყველა სანქციის მოხსნას თუ მხოლოდ ნაწილის.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გაჭიანურებული მოლაპარაკებების პროცესში პროგრესს სწორედ ირანი აფერხებს და არა აშშ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეთანხმებას ამჯობინებს, თუმცა ირანთან შეთანხმების მიღწევა “ძალიან რთულია.”
