19 ოქტომბერს იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმუსაფრთხოების საკითხებზე საგანგებო სხდომა მოიწვია, მას შემდეგ, რაც მილანში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა.
ძალადობრივი არეულობა 16 ოქტომბერს იტალიის სხვადასხვა ქალაქში სტუდენტთა მიერ გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს მოჰყვა.
17-18 ოქტომბერს დემონსტრაციებზე 5 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ქვები, ნაგვის ურნები და სკამები ესროლეს.
“დემონსტრაციის გამართვა უფლებაა, ჩვენი ქალაქების აოხრება კი – არა”. – განაცხადა მელონიმ და დაამატა, რომ “ხულიგნებმა” საპროტესტო აქციები “ქაოსის დასათესად” გამოიყენეს.
მილანში შეტაკებები 17 ოქტომბერს დაიწყო და მეორე დღესაც გაგრძელდა.
საინფორმაციო სააგენტო Ansa-ს ცნობით, მილანში 17 ოქტომბრის შემდეგ პოლიციამ 200-ზე მეტი პირი დააკავა. დაკავებულების 80% არასრულწლოვანია.
იტალიური საინფორმაციო სააგენტო AGI-ის ცნობით, ქალაქის პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა ხუთი სრულწლოვანი პირისთვის, რომლებიც ყაჩაღობის, ვანდალიზმისა და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, დაშავდნენ მოქალაქეები – მათ შორის, პოლიციელებიც.
მსგავსი არეულობა მოჰყვა სხვა საპროტესტო აქციებს ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებში – ბოლონიასა და ტურინში.
მილანის მერმა ჯუზეპე სალამ განაცხადა, რომ მან ნახა “ჩამსხვრეული ვიტრინები, გაძარცვული მაღაზიები და შეშინებული მოქალაქეები”. მისი თქმით, მილანში მიმდინარე მოვლენები ასახავს იმას, რაც მსოფლიოს მრავალ ქალაქში ხდება.
“ძალიან შეშფოთებული ვარ, რადგან ეს ახალი ფენომენია, რომელიც საერთაშორისო პროცესებიდანაც იღებს სათავეს და შესაბამისად, საკუთარი თავითვე საზრდოობს”. – აღნიშნა მან სააგენტო Ansa-სთან საუბრისას.
მელონი მილანში მიმდინარე მოვლენებს X-ზე გამოეხმაურა.
„სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოუწიათ დაპირისპირებოდნენ იმ დამნაშავეთა ძალადობას, რომლებიც, მათ შორის ორგანიზებული ჯგუფების მეშვეობით, საპროტესტო აქციებს დაპირისპირების, პროვოცირებისა და ქაოსის დასათესად იყენებენ.
თითოეულ მათგანს ვუცხადებ სრულ სოლიდარობას და გულწრფელ მადლობას ვუხდი, რადგან ისინი იცავდნენ მოქალაქეების, დასაქმებულების, ვაჭრებისა და ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოებას, ვისაც აქვს უფლება, საკუთარ ქალაქში შიშის გარეშე იცხოვროს და არ უყუროს, თუროგორ აპარტახებენ და წვავენ მას[ქალაქს] ავაზაკთა ბანდები. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ”. – დაწერა იტალიის პრემიერმინისტრმა X-ზე.
