საკონტიტუციო სარჩელში ის არგუმენტებია მოყვანილი, რის გამოც სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ, გვინდა, ის პარტიები აიკრძალონ, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას მიზანმიმართულად გამუდმებით არღვევენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ ამ პარტიების განზრახვა ხელისუფლების ხელში აღება იყო.
„ეს ადამიანები მოწოდებული არიან, რომ სწორედ არაკონსტიტუციური გზებით იმოქმედონ. გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ, სარჩელზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს. კონსტიტუციაში ეს ნორმა იმიტომ არის შეტანილი, რომ ასეთი პარტიის არსებობის შემთხვევაში მასთან დაკავშირებით შესაძლებელი იყოს სასამართლო პროცესის გამართვა. ეს ყველაფერი მათი საქმიანობის დამსახურებიდან გამომდინარეობს და არა ჩვენი მიზეზით. არჩევნების შემდეგ რაც მოაწყვეს ქვეყანაში, ის საკონსტიტუციო ქმედებაა? ის დემოკრატიული ქმედებაა? რა თქმა უნდა, არა. მათი განზრახვა ხელისუფლების ხელში აღება იყო. როდესაც არჩევნებში დამარცხდნენ და ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიტანეს, არჩევნების უგულებელყოფა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის ბოიკოტირება, ასევე გადატრიალებისთვის მზადება დაიწყეს. ეს ის ქმედებებია, რის გამოც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი ტიპის პოლიტიკური პარტიები პასუხს აგებენ ხოლმე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
