აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში ჩავიდა, – ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პიტერ პელეგრინი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუბიოს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის არსებული ურღვევი კავშირის დადასტურებაა.
პელეგრინიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ და სლოვაკეთი თანამშრომლობას გააგრძელებენ.
„სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ბრატისლავაში ჩემი პირველი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სლოვაკეთსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურღვევ კავშირს როგორც ორმხრივად, ასევე ნატო-ს ფარგლებში. ბატონო მდივანო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სლოვაკეთში. ჩვენი პარტნიორობა სტრატეგიულია და პოლიტიკური. ის შედეგებს იძლევა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე ენერგეტიკულ თანამშრომლობაში. ბირთვული ენერგია ნიშნავს სტაბილურობას, სუვერენიტეტს და გეოპოლიტიკური შოკების მიმართ შემცირებულ დაუცველობას. ჩვენ გვსურს, ერთად გავაღრმაოთ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და ექსპერტიზა ბირთვულ ენერგიაში. დღეს სლოვაკეთი და შეერთებული შტატები ამ თანამშრომლობას წინ სწევენ და ახალ დონეზე აჰყავთ. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კვლავაც აუცილებელია სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის, რაც ხელს უწყობს ნატო-ს უფრო ძლიერ შეკავებასა და თავდაცვას, ასევე უფრო ძლიერ და თავდაჯერებულ ევროპას. ეს გვაძლიერებს ერთად გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე. ჩვენი თანამშრომლობა ძალას და მდგრადობას გვაძლევს. ერთად მზად ვართ, შევქმნათ უფრო უსაფრთხო, დაცული და მშვიდობიანი მომავალი, რომელიც საერთო ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული“, – წერს ის.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხვალ უნგრეთს ეწვევა.
