უსაფრთხოების რთული გამოწვევების მიუხედავად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს აისახება შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობის შემცირებაში.
„ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს სახელით მივმართო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტს. ადამიანის უფლებათა უნივერსალური პრინციპები სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დგას დღეს არა მხოლოდ კონფლიქტებისა და ოკუპაციის, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენების, ადამიანის უფლებების ვიწრო მიზნებისთვის პოლიტიზების მცდელობების გამო. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოსადმი ნდობა მნიშვნელოვნად არის განპირობებული პრინციპულობით, მიუკერძოებლობით და ადამიანის ღირსების დაცვისადმი ერთგულებით. უსაფრთხოების რთული გამოწვევების მიუხედავად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც აისახება შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობის 85%-ით შემცირებაში. ადამიანის უფლებებს ჩვენ არა მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულებებად, არამედ ჩვენი მთავრობის სტრატეგიული ხედვის საფუძვლად მივიჩნევთ, რაც ასახულია საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიაში, რომელიც წარმოადგენს ერთიან ჩარჩოს სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დასაცავად.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის ღირსება ეკონომიკური შესაძლებლობებისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფით იწყება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში სიღარიბის დონე 30%-დან 10%-მდე შემცირდა, რაც მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის მიზნობრივი სოციალური პროგრამების განხორციელების შედეგია. საქართველოს მთავრობამ გააძლიერა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერება, რასაც ხელს უწყობს 5,000-ზე მეტი ქალი მეწარმის ბიზნესის მხარდაჭერა 2021 წლიდან. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გაძლიერდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონმდებლობა, რომლის მიზანია მისაწვდომობის, ინკლუზიურობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა. გასულ წელს, საბჭოს ფარგლებში საქართველომ აუტიზმის საკითხი წამოჭრა, ყურადღება გაამახვილა ინკლუზიურობის, ღირსებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის საჭიროებაზე. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, შემოუერთდეს ჩვენს ძალისხმევას შესაბამისი ზომების გაძლიერებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და აუტიზმის მქონე პირთა ჩართულობის ხელშეწყობაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმებთან და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულებათა პასუხისმგებელ ორგანოებთან თანამშრომლობას.
„ცოტა ხნის წინ საქართველომ განახორციელა ადამიანის უფლებების მეოთხე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა, გაიზიარა წინა მიმოხილვის რეკომენდაციების დაახლოებით 90 პროცენტი. აქვე, მადლობას გადავუხდი ყველა დელეგაციას მათი ფასდაუდებელი წვლილისთვის. ბატონო პრეზიდენტო, აშკარა პროგრესის მიუხედავად, ჩვენ კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვრჩებით: საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი – კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია ფუნდამენტურ თავისუფლებებს, კვლავ გრძელდება დაკავების, არასათანადო მოპყრობისა და ეთნიკური დისკრიმინაციის შემთხვევები. ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი კვლავ ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებს კვლავ არ ეძლევათ წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ არსებობს ანგარიშვალდებულება იქ, სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროებაა. საქართველო განაგრძობს საერთაშორისო არენაზე აღნიშნულ საკითხზე მუშაობას, მათ შორის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ყოველწლიური რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მეშვეობით. ჩვენ თქვენი პრინციპული მხარდაჭერის იმედი გვაქვს.
პატივცემულო კოლეგებო, ხვალ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წელი შესრულდება, რამაც უდიდესი ტანჯვა, იძულებითი გადაადგილება და ნგრევა გამოიწვია. საქართველო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს გაერო-ს წესდებაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის საჭიროებას. დასასრულს, საბჭოს მეოცე წლისთავის მოახლოების კონტექსტში, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს ურყევი მხარდაჭერა ადამიანის უფლებების უნივერსალურობისა პრინციპის მიმართ. ჩვენ განვაგრძობთ დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებას ქვეყნის შიგნით და ადამიანის ღირსების დაცვაზე ორიენტირებული საერთო ძალისხმევის მხარდაჭერას მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
