გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის იერიშების შედეგად მოკლულია ირანის თავდაცვის მინისტრი, აზიზ ნასირზადე და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური, გენერალი მოჰამედ პაკპური.
ამის შესახებ გამოცემა ერთ ადგილობრივ წყაროზე და ორ სხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლებსაც ისრაელის სამხედრო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აქვთ.
მანამდე, ისრაელური გამოცემა Ynet-ის სამხედრო კორესპონდენტი, იოსი იეჰოშუა სოციალურ ქსელში ასევე წერდა, რომ ისრაელის შეფასებით, იერიშების შედეგად მოკლულია ირანის რევოლუციური გვარდიის (IRGC) მეთაური, მოჰამად პაკპური. მედიის მიხედვით, ისრაელელი მაღალჩინოსნების შეფასებით, ასევე მოკლული იყო ირანის დაზვერვის უფროსი.
პარალელურად, ისრაელის მეთორმეტე არხი გავლენიან ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის შეფასებით, იერიშების შედეგად აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ისრაელი ინფორმაციის საბოლოო დადასტურებას ელოდება.
